სკეპტიციზმი

სკეპტიციზმ-ი [< ბერძ. skepsis განხილვა] –

1. იდეალისტური ფილოსოფიური მიმართულება, რომელიც უარყოფს ობიექტური სინამდვილის შემეცნების შესაძლებლობას.
2. კრიტიკული, უნდობლური დამოკიდებულება, დაეჭვება რისამე სისწორეში ან შესაძლებლობაში.

წყარო: უცხო სიტყვათა ლექსიკონი

ბლოგის მიზანია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ნებისმიერი მოსაზრება, დოგმა, სწავლება, განცხადება თუ თეორია, რომელიც ობიექტურ და უტყუარ ჭეშმარიტებად არის მიჩნეული ადამიანების გარკვეული ჯგუფების მიერ და რომლებიც შეიძლება ჩვენი საზოგადოების და მისი თითოეული წევრის ცხოვრებაზე როგორც წასრულშიც, ასევე აწმყოში ახდენდნენ ზეგავლენას მიუხედავად ამ მოსაზრებების ჭეშმარიტობის დამადასტურებელი ობიექტური საბუთის არ არსებობისა.

ზოგჯერ ასეთი სწავლებები ემყარება ავტორიტეტების მოსაზრებებს და მათი ჭეშმარიტობის დამადასტურებელ საბუთად თავად მოსაზრების ავტორები ითვლებიან. ზოგჯერ შეგნებულად ხდება ობიექტური რეალობის გამრუდება ადამიანების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ზოგჯერ კი შემთხვევითობების ჯაჭვის შედეგად ვიღებთ ერთი შეხედვით ამოუხსნელ გამოცანას და ზოგი ჩვენგანი ამ დროს ნაჩქარევად ცდილობს უხილავი სამყარო, სულები, ღმერთი თუ სხვა ახსნა მოიშველიოს როცა კრიტიკული ანალიზის შედეგად როგორც წესი შესაძლებელია ხოლმე რაციონალური ახსნის პოვნა.

ამგვარად ავტორიტეტებს, მათ მოსაზრებებს და სტერეოტიპულ შეხედულებებს, როგორც ამა თუ იმ მოსაზრების გამამყარებელ არგუმენტს და საბუთს ვეცდები დავუპირისპირო არა სხვა ავტორიტეტებს და მათი პირადი მოსაზრებები, არამედ ლოგიკით და მეცნიერული კვლევებით გამყარებული რაციონალური არგუმენტები.

ბლოგი რომ მოსაწყენი არ გახდეს ასევე ვეცდები ის პერიოდულად გავამდიდრო მეცნიერებასთან, ფსევდო-მეცნიერებასთან, რელიგიასთან, სხვა და სხვა საკამათო რწმენებთან თუ ფენომენებთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტებით და მათი ამსახველი ვიდეო თუ ფოტო მასალით და იუმორით. მიდგომა, ყველაზე ფართოდ მიღებული და ჭეშმარიტებად აღიარებული მტკიცებების მიმართაც კი იქნება სკეპტიკური. ყველანაირი ექსტრაორდინალური განცხადება, რომელსაც თან არ ახლავს ასევე ექსტრაორდინალური საბუთი დადგება ეჭვქვეშ და დაექვემდებარება კრიტიკულ განხილვას.

ალბათ უადგილო არ იქნება თუკი ამთავითვე განვაცხადებ, რომ ჩემი მიზანი არაა ვინმეს რელიგიური თუ პროფესიული გრძნობების შეურაცხყოფა. თუკი თავს შეურაცხყოფილად გრძნობთ იმ ფაქტით, რომ ვინმე თქვენს შეხედულებებს ეჭვქვეშ აყენებთ ალბათ უმჯობესი იქნება თუ კი ბლოგს დატოვებთ.


სკეპტიკოსი