კოშმარები ბიბლიიდან – ანუ ის სტროფები, რომლებიც არ წაგიკითხავს

ქვით ჩაქოლვა

ქვემოთ მოყვანილ ამონარიდებში არაერთხელ შეხვდებით გამოთქმას “ქვით ჩაქოლვა”. ვინაიდან ბევრმა არ იცის ეს რას ნიშნავს საჭიროდ ჩავთვალე პატარა განმარტება გამეკეთებინა.
ითხრება ორმო სადაც სიკვდილმისჯილი ვერტიკალურად იმარხება ისე, რომ მიწიდან ამოყოფილი აქვს მხრები და თავი თუკი სიკვდილმისჯილი ქალია, ან მხოლოდ თავი, როდესაც მამაკაცს ქოლავენ. შემდეგ მას შემოარტყამენ წრეს და თავში საშუალო ზომის ქვებს ესვრიან. ქვები არ უნდა იყვნენ არც ზომაზე დიდები და არც პატარები იმისათვის, რომ ადამიანი არც მყისიერად მოკვდეს და არც გართულდეს მისთვის ზიანის მიყენება.
ასე გრძელდება ჩაქოლვა მანამ, სანამ ადამიანი ბლაგვი საგნით მიყენებული ასეულობით ტრავმისგან არ მოკვდება.


ქვით ჩაქოლვა თანამედროვე სომალში.


ახლა კი პირდაპირ ბიბლიაზე გადავიდეთ. გადავშალოთ ძველი აღთქმა სადაც ვკითხულობთ:

რიცხვნი, თავი 15

32 და როცა ისრაელის ძენი უდაბნოში იყვნენ, იპოვეს კაცი, რომელიც აგროვებდა შეშას შაბათ დღეს. 33 და მათ, ვინც შეშის შეგროვებისას ჰპოვეს იგი, მიიყვანეს მოსესთან, აარონთან და მთელ თემთან. 34 და ჩასვეს ის საპატიმროში, რადგან არ იყო გარკვეული, როგორ მოქცეოდნენ. 35 და უთხრა უფალმა მოსეს: “სიკვდილით მოკვეს ეს კაცი. ქვებით ჩაქოლოს იგი მთელმა თემმა ბანაკის გარეთ.” 36 და გაიყვანა იგი მთელმა თემმა ბანაკის გარეთ და ჩაქოლა იგი ქვებით, და მოკვდა იგი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.

როგორც ჩანს შაბათ დღეს შეშის შეგროვება იმხელა დანაშაული იყო, რის გამოც საკმარისი იყო ადამიანის ქვით ჩაქოლვა.

ვის არ ჰყოლია ჯიუტი და ურჩი შვილი. ცოტას თუ წაუკითხავს ბიბლიის ის თავი და სტროფი სადაც ღმერთი ურჩი შვილების არც მეტი და არც ნაკლები ქვით ჩაქოლვას ბრძანებს. “ჩაქოლოს იგი მისი ქალაქის ყველა კაცმა ქვებით, და მოკვდეს”

მეორე რჯული, თავი 21
18 თუ კაცს ეყოლება ჯიუტი და ურჩი შვილი, რომელიც არ უსმენს თავისი მამის ხმას, და დატუქსავენ მას, მაგრამ ის არ გაუგონებს მათ,
19 დაიჭირონ მამამისმა და დედამისმა და მიიყვანონ ქალაქის უხუცესებთან და თავისი ადგილის კარიბჭესთან
20 და უთხრან მისი ქალაქის უხუცესებს: “ეს ჩვენი შვილი ჯიუტია და ურჩი, არ უსმენს ჩვენს ხმას, მსუნაგია და ლოთი.”
21 და ჩაქოლოს იგი მისი ქალაქის ყველა კაცმა ქვებით, და მოკვდეს. და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან, და მთელი ისრაელი გაიგებს და შეშინდება.
22 თუ ეს კაცი სასიკვდილო ცოდვას ჩაიდენს და მოკლავენ, ძელზე ჩამოკიდე.

ერთადერთი რაც შეგვიძლია ვიმედოვნოთ არის ის, რომ იმედია ეს წესი არ ეხებოდა არასრულწლოვნებს, პატარა ბავშვებს. მათი წამებით სიკვდილს ღმერთი არ დაუშვებდა.
თუმცა ძველი აღთქმის კითხვისას ოპტიმიზმი სულ მალე უკვალოდ ქრება…

ეზეკიელი, თავი 23
46. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ბრბო მიუსიე მათ და მიეცი დასაფრთხობად და გასაძარცვად.
47. ქვით ჩაქოლოს ისინი ბრბომ და აკუწოს თავისი მახვილებით, ამოხოცოს მათი ვაჟები და ასულები და მათი სახლები ცეცხლში გადაბუგოს.

ალბათ ეს ერთხელ..

იესო ნავეს ძე, თავი 6
20. ახმაურდა ხალხი და დააყვირეს ბუკებიც. როგორც კი ხალხს ბუკის ხმა მოესმა, დასცა ხალხმა დიდი ყიჟინა და ადგილზევე ჩამოიქცა კედლები. ავიდა ხალხი ქალაქში, თითოეული თავისი გზით, და აიღეს ქალაქი.
21. გაანადგურეს ქალაქში ყველაფერი, რაც დასარისხებელი იყო: კაცი თუ ქალი, ყმაწვილი თუ მოხუცებული, ცხვარ-ძროხა თუ სახედარი.

ეს რა თქმა უნდა არ იყო საკმარისი…

ეზეკიელი, თავი 9
4. უთხრა მას უფალმა: ჩაიარე ქალაქში, იერუსალიმში, და ნიშანი დაადე შუბლზე იმ ხალხს, რომელიც კვნესის და მოთქვამს იქ ჩადენილ სისაძაგლეთა გამო.
5. სხვებს უთხრა ჩემს გასაგონად: მოიარეთ ქალაქი მათ კვალზე და მუსრეთ, ნუ შეიბრალებს თქვენი თვალი და ნუ დაინდობთ.
6. მოხუცი და ჭაბუკი, ქალწული, ბავშვები და ქალები სრულიად ამოხოცეთ; ვისაც ნიშანი ადევს, ხელი არ ახლოთ. ჩემი საწმიდარიდან დაიწყეთ. მათაც დაიწყეს ტაძრის წინ მყოფი უხუცესებიდან.
7. უთხრა მათ: გააუწმიდურეთ ტაძარი და აავსეთ ეზოები დახოცილებით და გადით. ისინიც გავიდნენ და ქალაქში დაიწყეს მუსვრა.

როგორც ჩანს ყოვლადკეთილს ყოვლადუკიდეგანო ფანტაზია აქვს:

ესაია, თავი 13
15. ვისაც მიასწრებენ, განგმირავენ, ვისაც დაიჭერენ, მახვილით დასცემენ.
16. მათი ჩვილები მათ თვალწინ გაიჭეჭყებიან, მათი სახლები გაიძარცვება, მათი ცოლები გაუპატიურდებიან.
17. აჰა, აღვძრავ მათზე მიდიელებს, რომლებიც ვერცხლს არად აგდებენ და ოქრო არ ახარებთ.
18. მათი მშვილდები ყმაწვილკაცებს შემუსრავს; მუცლის ნაყოფს არ შეიწყალენენ, ბავშვებს არ შეიბრალებს მათი თვალი.
19. ბაბილონი – სამეფოთა მშვენება, ქალდეველთა დიდების სამკაული, დაემსგავსება უფლისგან დაქცეულ სოდომს და გომორას.

ალბათ იმ დროს ასე იყო საჭირო. იმ დროინდელი ადამიანები ხომ ვერ გრძნობდნენ ტკივილს. მაშინდელ ბავშვებს არ ჰქონდათ უნარი თავი უსუსურად და უმწეოდ ეგრძნოთ მაშინ როცა უფლის მიერ გამოგზავნილი მეომრები ყელს ჭრიდნენ. იმ ეპოქის ხალხს ალბათ არ ჰქონდათ შიშის და სასოწარკვეთილების შეგრძნება ჯერ განვითარებული იმის დანახვისას თუ როგორ უხოცავდნენ მშობლებს, და-ძმას და შვილებს. ან ისინი უბრალოდ ხვდენოდნენ რომ ეს ყველაფერი ღვთის გეგმის ნაწილი იყო და თავის ბედს მშვიდად ეგუებოდნენ.

იქნებ ეს ყველაფერი ადამიანთა თავისუფალი ნების და შესაბამისად არასწორი გადაწყვეტილებების მიღების შედეგი იყო? ყოველ შემთხვევაში არც ეს განმარტება პასუხობს კითხვას თუ რა დააშავეს იმ ჩვილებმა თუ ბავშვებმა გარდა იმისა, რომ არასწორ ოჯახებში გაჩნდნენ.

შემდეგი ამონარიდი საინტერესოა. იქ ვკითხულობთ შემდეგს:

რიცხვნი, თავი 31
15. უთხრა მათ მოსემ: ცოცხალი დატოვეთ ყველა ქალი?
16. განა მათი მიზეზით არ განუდგნენ ისრაელიანები უფალს, როგორც თქვა ბალაამმა, და გადაამეტეს ფეღორის ცოდვას, რის გამოც მოხდა განადგურება უფლის საზოგადოებაში?
17. ახლა გაწყვიტეთ ბავშვებში ყოველი მამროვანი, ყოველი ქალი, რომელსაც შეცნობილი ჰყავს კაცი მამრის საწოლზე, მოკალით.
18. ხოლო ყოველი დედროვანი ბავშვებში, რომელსაც არ შეუცვნია მამაკაცი მამრის საწოლზე, ცოცხალი დაიტოვეთ.

ყურადღება მიაქციეთ: “ყოველი ქალი, რომელსაც შეცნობილი ჰყავს კაცი მამრის საწოლზე, მოკალით. ხოლო ყოველი დედროვანი ბავშვებში, რომელსაც არ შეუცვნია მამაკაცი მამრის საწოლზე, ცოცხალი დაიტოვეთ.”
დიახ, სწორად წაიკითხეთ. აქ საუბარია ბავშვების დახოცვაზე. გარდა იმ გოგონებისა, რომლებსაც საქალწულე აპკი ჯერ კიდევ მრთელი აქვთ. ყველასათვის ცნობილია, რომ ასეთი ბავშვებისგან კარგი სექს-მონები დგებიან და მათი დახოცვა უგუნურება იქნებოდა. ყოველთვის როდი ეძლევა ჯარს საშუალება ბრძოლის ველიდან ქალწულებით დაბრუნდეს.

რახან ქალიშვილობის თემას შევეხეთ:

მეორე რჯული, თავი 22
20 და თუ მართალი გამოდგა ეს სიტყვა და არ აღმოაჩნდა ქალწულობა ყმაწვილ ქალს,
21 გამოიყვანონ ყმაწვილი ქალი თავისი მამის სახლის კართან და ჩაქოლონ ის მისი ქალაქის ხალხმა ქვებით, და მოკვდეს, რადგან სამარცხინო საქმე ჩაიდინა ისრაელში: იმრუშა თავისი მამის სახლში. და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.
22 თუ კაცს ქმრიან ქალთან მწოლარეს წაუსწრეს, ორივე მოიკლას – ამ ქალთან მწოლარე კაცი და ეს ქალი. და აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან.
23 თუ კაცზე დანიშნულ ყმაწვილ ქალს, ქალწულს, ვინმე შეხვდება ქალაქში და დაწვება მასთან,
24 გამოიყვანეთ ორივე იმ ქალაქის კარიბჭესთან და ჩაქოლეთ ქვებით, და მოკვდებიან – ყმაწვილი ქალი იმისათვის, რომ არ იყვირა ქალაქში, და კაცი იმისათვის, რომ ნამუსი ახადა თავისი მოყვასის ცოლს. და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.
25 თუ მინდორში ნახავს კაცი დანიშნულ ყმაწვილ ქალს და ძალით დაიჭერს მას და დაწვება მასთან, მოიკლას კაცი, რომელიც ქალთან დაწვა.

აქ არამხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩაიქოლოს ქალი, როდესაც გათხოვების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ის ქალიშვილი არაა (ეს ხომ ისედაც გასაგებია), არამედ თუკი დანიშნულ ქალს გააუპატიურებენ და მას მოწმეების ჩვენების მიხედვით დაუმტკიცდება, რომ აქტის დროს მან არ იყვირა მაშინაც ქვით უნდა ჩაიქოლოს.

არც ჰომოსექსუალებს წყალობს ძველი აღთქმა:

ლევიანნი, თავი 20
13. ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი. უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი.

ასევე ქვით ჩაქოლვით ისჯება სხვა ღმერთების თაყვანისცემა (მეორე რჯული, თავი 17, მეორე რჯული, თავი 13)

სხვადასხვანაირი რეაქცია მინახავს. უმეტესობა გაკვირვებული რჩება და ამბობს, რომ არც კი იცოდა ამ სტროფების ბიბლიაში არსებობის შესახებ. ზოგი ამბობს, რომ როდესაც ეს იწერებოდა სულ სხვა დრო იყო და სულ სხვა ადამიანები ცხოვრობდნენ. მათი აზრით ეს ყველაფერი ალბათ საჭირო იყო იმ ეპოქაში. დღეს კი მსგავსი რამ მიუღებელია. ზოგი ადამიანი უბრალოდ პასუხობს, რომ შეუცნობელია ღვთის გონება და ვერასოდეს ვერ ჩავწვდებით თუ რატომ მოიქცა ისე, როგორც მოიქცა. ერთადერთი რაც ვიცით არის ის, რომ იგი ყოვლისმცოდნეა – ანუ რაც გააკეთა ალბათ საჭირო იყო და ზედმეტი კითხვების დასმა აუცილებელი არაა.

მკითხველმა რა აზრი გამოიტანა არ ვიცი. მე კი მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გამიგია თავისუფალი ნების შესახებ როგორც ვხედავ იმ ხალხს, რომლებიც სჯულის ამ მკაცრი წესების მიხედვით ცხოვრობდა (ან აცხოვრებდნენ) დიდი ნების თავისუფლება არავის მიუცია. აღარაფერს ვამბობ ძველ აღთქმაში ნახსენებ ზოგიერთ უცხო ტომებზე, რომლებსაც ერთადერთი არჩევანი ჰქონდათ – მომკვდარიყვნენ უფლის მიერ გამოგზავნილი ჯარისკაცების ხელით ყველაზე სასტიკი სიკვდილით რისი წარმოდგენაც კი შეიძლება.

მე ისევ მოგიწოდებთ დამოუკიდებლად იაზროვნოთ. გამიხარდება თუკი ეს პოსტი დებატს გამოიწვევს. გარდა იმ შემთხვევისა თუკი ქალი ბრძანდებით. ამ შემთხვევაში შეგახსენებთ, რომ:

პავლეს ეპისტოლენი. პირველი ტიმოთეს მიმართ, თავი მეორე
11. ქალი სწავლობდეს მდუმარედ, სრული მორჩილებით.
12. მე არა ვრთავ ქალს სწავლების ნებას, და არც ქმარზე მბრძანებლობისას, არამედ რათა იყოს მდუმარედ.

თუ რაიმე კითხვა დაგებადებათ სახლში ქმარს უნდა დაუსვათ

პავლეს ეპისტოლენი, პირველი კორინთელთა მიმართ, თავი მეთოთხმეტე
34. ქალები ეკლესიაში დუმდნენ, რადგანაც ლაპარკის ნება კი არა აქვთ, არამედ მორჩილება მართებთ, როგორც გვიწესებს რჯულიც.
35. ხოლო თუ რისიმე სწავლა სურთ, ქმრებს ჰკითხონ სახლში, რადგანაც ქალისთვის საძრახისია ეკლესიაში ლაპარაკი.

ხოლო ვინც პავლეს არ ეთანხმებით კეთილი იყოს თქვენი ფეხი. დიდი სიამოვნებით მივიღებ კომენტარებს, შენიშვნებს და კრიტიკას. თუ ფიქრობთ, რომ ეს ამონარიდები კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი მაშინ ისიც მითხარით თუ რომელ კონტექსტში გაამართლებთ ჩვილი ბავშვის “გაჭეჭყვას”, ქალთა და ბავშვთა ერთიანად ამოჟუჟვას, შვილის ქვით ჩაქოლვას ან გაუპატიურებული ქალის სიკვდილით დასჯას.

პარაფსიქოლოგია, ნათელმხილველები და ჯეიმს რენდი

ჯეიმს რენდი

James Randi

ცნობილი სკეპტიკოსი ჯეიმს რენდი 1928 დაიბადა კანადაში და თავდაპირველად სახელი გაითქვა, როგორც ილუზიონისტმა სასცენო სახელით The Amazing Randi (გასაოცარი რენდი). მას მერე რაც რენდის 60 წელი შეუსრულდა მან თავი მიანება ილუზიონიზმს და პარანორმალური და ზებუნებრივი განცხადებების კვლევა და მხილება დაიწყო.

დღეს ჯეიმს რენდი ცნობილია სწორედ როგორც ფსევდომეცნიერების, პარანორმალური, განცხადებების გამომწვევი, რომელსაც არაერთი შარლატანობა აქვს გამომჟღავნებული და მხილებული. მას საბჭოთა კავშირშიც აქვს ნამოგზაურები პარანორმალური მოვლენების გამოკვლევის მიზნით (საინტერესო დოკუმენტური ფილმი: http://www.youtube.com/watch?v=dTXmo4_LR4w)ის ამავე დროს არის ჯეიმს რენდის საგანმანათლებლო ფონდის ( http://www.randi.org/ ) დამაარსებელი.

მილიონ დოლარიანი გამოწვევა

ჯეიმს რენდის საგანმანათლებლო ფონდი მილიონ აშშ დოლარს პირდება ნებისმიერს, ვინც შეძლებს გარკვეული პროტოკოლის დაცვით, მეცნიერული ექსპერიმენტის პირობებში საკუთარი ზებუნებრივი თუ პარაფსიქოლოგიური ნიჭის დამტკიცებას. საინტერესოა ამ გამოწვევის ისტორიაც. 1964 წელს ჯილდო მხოლოდ 1.000 ამერიკული დოლარი იყო. თუმცა დონორების დახმარებით ის მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

ფონდის ვებსაიტის განცხადებით 1964-დან 1982 წლამდე 650-ზე მეტმა ადამიანმა შეავსო ოფიციალური განცხადება გამოწვევის მისაღებად, თუმცა ჯერჯერობით ვერც ერთმა ვერ შეძლო საკუთარი პარაფსიქოლოგიური შესაძლებლობების დამტკიცება (წყარო: http://www.randi.org/site/index.php/1m-challenge.html )

პირისპირ მედიუმებთან ლარი კინგის შოუში

ჯეიმს რენდიმ 2001 წლის 3 სექტემბერს ლარი კინგის ცნობილ ტელეგადაცემაში მიიღო მონაწილეობა ცნობილ მედიუმთან სილვია ბრაუნთან ერთად. ამ გადაცემის დროს სილვია ბრაუნმა მიიღო რენდის გამოწვევა, ლარი კინგმა კი განაცხადა, რომ მიუკერძოებელი შუამავლის როლს იკისრებდა ექსპერიმენტში. თუმცა როგორც ცნობილია სილვია ბრაუნმა მოგვიანებით გადაიფიქრა საკუთარი პარაფსიქოლოგიური ნიჭის დამტკიცება და რენდის არ დაკავშირებია.

მოკლე ნაწყვეტი 2001 წლის 3 სექტემბრის ლარი კინგ შოუდან:

აღსანიშნავია ალბათ ისიც, რომ ეს გადაცემა 11 სექტემბრის ტრაგედიამდე რამოდენიმე დღით ადრეა ჩაწერილი. თუმცა ნათელმხილველმა გარდაუვალი ტერ.აქტის შესახებ სიტყვაც კი არ დაძრა.

2007 წლის 26 იანვარს რენდი კიდევ ერთხელ გამოჩნდა ლარი კინგის სტუდიაში, ამჯერად მასთან ერთად გადაცემაში მონაწილეობას როზმარი ალთეა იღებდა, რომელიც სილვია ბრაუნის მსგავსად ცნობილი მედიუმია. გადაცემა ეძღვნებოდა რამოდენიმე წლის წინ გაუჩინარებული თინეჯიერის შონ ჰორნბეკის გამოჩენას. პოლიციამ მოახერხა გამტაცებელის დაკავება და მშობლებს 4 წლის წინ გაუჩინარებული შვილი დაუბრუნა. ადამიანის გატაცების ამ კონკრეტულმა შემთხვევამ ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ გატაცებული და მისი ოჯახი, არამედ ნათელმხილველი სილვია ბრაუნიც მოაქცია. ამ უკანასკნელმა ბავშვის გაუჩინარებიდან რამოდენიმე თვის გასვლის შემდეგ სატელევიზიო შოუში შონის მშობლებს აუწყა, რომ მათი შვილი მუქ კანიანმა, მაღალმა ესპანური წარმოშობის მამაკაცმა გაიტაცა და რაც მთავარია შონი ცოცხალი აღარ იყო. ოთხი წლის შემდეგ გაირკვა, რომ ნათელმხილველი ყველა პუნტში შეცდა! გარდა ამისა შონის მშობლებმა მოგვიანებით განაცხადეს ისიც, რომ მედიუმი მათგან 700 დოლარს ითხოვდა 20 წუთიანი სესიისთვის.

ნაწყვეტი ტელე შოუდან სადაც სილვია ბრაუნი, დარწმუნებული იმაში, რომ შონ ჰორნბეკი ცოცხალი აღარაა სავალალო შეცდომებს უშვებს მცდარი “წინასწარმეტყველებების” გაკეთებითhttp://www.youtube.com/watch?v=WWlscV3mvL4
Larry King Live 2007 წლის 26 იანვარი. ჯეიმს რენდი და ნათელმხილველი როზმარი ალთეა: http://www.youtube.com/watch?v=ehYIXAbM3Ss
ჯეიმს რენდის და მილიონ დოლარიანი გამოწვევის შესახებ კომენტარს აკეთებს: http://www.youtube.com/watch?v=sesamjLNHlU&feature=fvw
როგორ პასუხობენ ცნობილი მედიუმები ჯეიმს რენდის გამოწვევას: http://www.youtube.com/watch?v=RjP5edtqqlw

ადამიანის გულუბრყვილობა

პეტერ პოპოვი, 1946 წელს დაბადებული ტელევანგელისტი თავის შოუებზე მისთვის უცნობ დამსწრეთა მისამართებს, სახელებს და დაავადებებს უშეცდომოდ ასახელებდა და ამას მისთვის ღმერთის მიერ ბოძებულ ნიჭით ხსნიდა. 1983 წელს ჯეიმს რენდიმ, რომელიც თანაშემწესთან ერთად პოპოვის რამოდენიმე შოუს დაესწრო მოახერხა გამოემჟღავნებინა პოპოვის საიდუმლო. კერძოდ კი ერთ–ერთ ასეთ შოუზე რადიო მიმღების მეშვეობით რენდიმ მოახერხა საკმაოდ საინტერესო რადიო ტრანსმისიის დაჭერა და დაფიქსირება, როდესაც პეტერ პოპოვს მისი ცოლი ელიზაბეთ პოპოვი რადიო გადამცემის მეშვეობით კარნახობდა შოუს დამსწრეთა მდებარეობას დარბაზში, მათ სახელებს, მისამართებს და დაავადებებს. რენდიმ ეს ინფორმაცია ტელეგადაცემა The Tonight Show Starring Johnny Carson–ის ეთერის მეშვეობით გაავრცელა რის შემდეგაც პოპოვის პოპულარობა მკვეთრად დაეცა და საბოლოოდ ის გაკოტრდა.

ალბათ იფიქრეთ, რომ კიდევ ერთი შარლატანის საქმიანობა ჩაბარდა წარსულს… თუმცა როგორც ჩანს ადამიანის გულუბრყვილობას საზღვარი ნამდვილად არ აქვს. პეტერ პოპოვი ფინანსურად ფეხზე დადგა და დღეს აგრძელებს ძველ საქმიანობას – საკმაოდ დიდი წარმატებითაც. ის ატარებს ძვირადღირებულ ავტომობილს, ცხოვრობს ფეშენებელურ ბინაში, ისევ აწყობს ძველებურ თეატრალიზებურ შოუებს სადაც ის სხვა და სხვა დაავადებას “კურნავს”, მოსახლეობისგან იღებს შემოწირულობებს და ყიდის “სასწაულებრივ წყალს”, რომლის დალევაც მისი განცხადებით ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა და სნეულებებს კურნავს.

პეტერ პოპოვის მეორედ მოსვლა:

ცივი გონებით

რაც არ უნდა განაცხადონ პარაფსიქოლოგებმა ფაქტია, რომ ჯერ საკუთარი ზებუნებრივი ნიჭი მეცნიერული ექსპერიმენტის პირობებში არავის დაუმტკიცებია. შესაძლებელია ვინმეს ასეთი ნიჭი გააჩნია კიდეც, მაგრამ ეს ჯერ არ დამტკიცებულა. სამაგიეროდ როგორც ვნახეთ არაერთი სიყალბე გამომჟღავნებულა და დიდი ალბათობით მომავალშიც გამომჟღავნდება. ყოველთვის იყვნენ და ალბათ კიდევ დიდი ხანი იქნებიან ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანების პირადი ტრაგედიით, გულუბრყვილობით თუ უბრალოდ რიგ სფეროებში ნაკლებად გათვითცნობიერებულობით ისარგებლებენ ფულის, სახელის და ძალაუფლების მოსახვეჭად. ამისათვის საჭირო არაა რაიმე ზებუნებრივ ნიჭს ფლობდე, ისიც საკმარისია სხვისი დარწმუნება შეძლო იმაში რომ ასეთი ნიჭი გაგაჩნია. მეთოდები იმაზე მარტივი ვიდრე წარმოგვიდგენია. მაგალითისათვის სეანსამდე მსხვერპლზე სხვა და სხვა წყაროს მეშვეობით მაქსიმალური ინფორმაციის მოგროვება. სეანსისას მსხვერპლისგან სასარგებლო ინფორმაციის გამოძალვა და შემდეგ ამ ინფორმაციის გამოყენება და ბოლოს უბრალო დაკვირვების უნარი. ხშირად მედიუმები ძალიან ზოგად ინფორმაციას აწვდიან კლიენტს. მაგალითად “მე ვხედავ ასო ი–ს. თუმცა ეს შეიძლება ა–ც იყოს ან თუნდაც ე.” შემდეგ აღმოჩნდება რომ კლიენტის რომელიმე ახლობლის სახელი ან გვარი იწყება ან ა, ან ი, ან ე ასოთი რასაც კლიენტი ადასტურებს და ამის შემდეგ მედიუმი გადადის უკვე თავად სახელის გამოცნობაზე.

ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები. პოპოვის და სილვია ბრაუნის მსგავსი შარლატანებით სავსეა მსოფლიო. გვახსოვდეს, რომ ყველაფერს აქვს რაციონალური ახსნა რაც არ უნდა აუხსნელი გვეჩვენებოდეს ერთი შეხედვით. საჭიროა მხოლოდ სკეპტიკური, ცივი გონებით მიდგომა, კრიტიკული ანალიზი და მოთმინება, კვლევა, ძიება.

და ბოლოს ქართველ პარაფსიქოლოგებს მოვუწოდებ ჯეიმს რენდის გამოწვევა მიიღონ და დაუმტკიცონ მას რომ ის მწარედ ცდება. წარმატების შემთხვევაში ისინი მილიონი დოლარის გარდა უდიდეს პოპულარობას და აღიარებას მოიპოვებენ და შემდეგ მშვიდად შეძლებენ თანამემამულეებისათვის პარაფსიქოლოგიური დახმარების უსასყიდლოდ გაწევას. ვგონებ ურიგო შემოთავაზება არ უნდა იყოს.

r

ფოტოზე აღბეჭდილი სასწაულები

სენსაცია!!!

ალბათ ყველას გვინახავს ტელევიზიით, ჟურნალებში და ვებ გვერდებზე გამოქვეყნებული ”სენსაციური” ფოტოები, რომლებიც განმთავსებელის მტკიცებით არაამქვეყნიურ არსებებს, უცხოპლანეტელებს, იდუმალებით მოცულ ქმნილებებს, ურჩხულებს, მოჩვენებებს,  პარანორმალურ მოვლენებს თუ სასწაულებს ასახავენ.

ყოფილა შემთხვევები როცა ასეთ ფოტო თუ ვიდეო მასალას დიდი ზეგავლენა მოუხდენია მოსახლეობის მასებზე, რაც როგორც წესი ყვითელი პრესის ”დიდი დამსახურებაა”. ამ მხრივ საინტერესოა ”ლოქ ნესის მონსტრის” ცნობილი ფოტოს ისტორია, რომელიც პირველად 1934 წელს დაბეჭდა Daily Mail მა. მოგვიანებით (1994) წელს გაირკვა რომ ფოტო ყალბი იყო.

როგორც წესი მსგავსი სენსაციური ფოტო შეგნებული გაყალბება, უბრალო ოპტიკური ეფექტი ან ადამიანის მიერ შექმნილი სრულიად ”მიწიერი” ობიექტი (მაგალითად სადაზვერვო საფრენი აპარატი, მეტორი და სხვ.) არის ხოლმე რომელიც ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ეგონა ფოტოგრაფს.

ამჯერად ყურადღებას დავუთმობ ერთი კონკრეტული ტიპის ფოტოს, რომლის სხვადასხვა ვარიაცია არაერთხელ მინახავს ინტერნეტში. ზოგჯერ ის რელიგიურ სასწაულთან არის ხოლმე დაკავშირებული, ზოგჯერ კი მოჩვენებებთან თუ სულებთან.

miracle_1

ფოტოზე ასახულია მლოცველების ჯგუფი, რომლებსაც სანთლები უჭირავთ. ფოტოს კომენტარიც ახლდა სადაც ეწერა თუ როგორაა ცეცხლი ადამიანების თავებზე ”შემოვლებული”.

miracle_2

ამ ფოტოზე ავტორის სიტყვებით ასახულია წმინდა ცეცხლის გადმოსვლა.
ორივე გამოსახულების ავტორებს სჯერათ, რომ ფოტოზე სასწაულია აღბეჭდილი ცეცხლის ასეთი უჩვეულო ალის სახით.

გვაქვს თუ არა საქმე სასწაულთან?

ყოველმა ჩვენგანმა იცის, რომ ხელში დაჭერილი სანთლის თუ ცეცხლის სხვა რაიმე წყაროს ალი ასე არ გამოიყურება. შესაბამისად როდესაც ასეთ უცნაურ, წაგრძელებულ ალს ვხედავთ ბუნებრივია რომ გვიკვირს და ვცდილობთ ამ ფენომენს რაიმე ახსნა მოვუძებნოთ. სავარაუდო განმარტებები რაც თავში მოგვდის დაახლოებით ასეთია: 1) სასწაული; 2) გაფუჭებული ფოტოაპარატი; 3) ცუდი ფოტოგრაფი; 4) არსებული განათების, ფოტოაპარატის კონფიგურაციის და ფოტოგრაფის მოქმედების ბუნებრივი შედეგი.

სამწუხაროდ ადამიანების დიდი ნაწილი იღებს ნაჩქარებ გადაწყვეტილებას და ასკვნის რომ საქმე უდავოდ სასწაულთან უნდა გვქონდეს. ამგვარად ყველანაირი რაციონალური ახსნა გამოირიცხება.
სწორი პასუხი ამ შემთხვევაში არის პასუხი #4. რაც მარტივი ექსპერიმენტითაც მტკიცდება.

ციფრული ფოტოკამერების უმეტესობას აქვთ ”ღამის გადაღების” რეჟიმი (twilight) ცუდი განათების პირობებში გადაღებისთვის. რასაც ზემოთ მოყვანილ გამოსახულებებზე სასწაულს უწოდებენ დიდი ალბათობით სწორედ ასეთ რეჟიმში შტატივის გამოყენების გარეშე ”ცუდად” გადაღებული ფოტოებია და მეტი არაფერი.

კერძოდ როდესაც ციფრული კამერით ცუდი განათების პირობებში ვიღებთ ფოტოს როგორც ალბათ ყველამ ვიცით ფოკუსში მოქცეული ობიექტი გაელვების (flash) მეშვეობით განათდება რაც კამერას საშუალებას მისცემს მაქსიმალურად სწრაფად გახსნას და ჩაკეტოს ე.წ. ”საკეტი” (shutter), რაც თავის მხრივ აუცილებელია იმისათვის, რომ საჭირო რაოდენობის სინათლე მოხვდეს კამერაში იმისათვის, რომ ფოტოგრაფის ხელის მოძრაობამ გამოსახულება არ გააფუჭოს (”გათხაპნოს”). რაც უკეთ განათდება ობიექტი მით უფრო სწრაფად გაიხსნება და დაიხურება საკეტი და მით უფრო მკაფიო გამოვა გამოსახულება.
როდესაც ღამის განათების რეჟიმზე გადაგვყავს ციფრული ფოტოაპარატი მაშინ ცოტა სხვანაირი მექანიზმი მოქმედებს. კერძოდ კი ჯერ გადასაღები ობიექტი განათდება გაელვების მეშვეობით (როგორც ზემოთ აღვწერე) და გამოსახულება ფიქსირდება, შემდეგ კი კამერა მუშაობს იმისათვის, რომ სურათის ფონიც შეძლების და გვარად ნათლად აღიბეჭდოს კამერაში. ამისათვის კი საჭიროა საკეტი ჩვეულებრივზე მეტ ხანს იყოს გახსნილი. ამ დროს ფოტოგრაფის ხელის ნებისმიერი მოძრაობა მოქმედებს საბოლოო გამოსახულებაზე. საკმარისია იმ დროს როცა საკეტი ღიაა ხელი აგვიკანკალდეს, გადასაღებ სცენაზე რაიმე ცვლილება მოხდეს, რომ ეს ყველაფერი ფოტოზე აღიბეჭდება ისე, როგორც ამას ზემოთ მოყვანილ ორ ფოტოზე ვხედავთ.

ექსპერიმენტი სამზარეულოში

ამ ყველაფრის დასამტკიცებლად სახლში პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე კომპაქტური ციფრული კამერის (Canon IXUS სერია), სანთლების და ხის სკულპტურის მეშვეობით. ქვემოთ ამ ექსპერიმენტის შედეგებს მოვიყვან.

სამზარეულოს სასწაული

ეს სურათი გადაღებულია ღამის გადაღების რეჟიმით, ახლო მანძილზე, შტატივის გარეშე. კამერა მაქსიმალურად სტაბილურად მეჭირა ხელში.

ახლა ვნახოთ როგორი გამოვიდა იგივე კონფიგურაციით გადაღებული ფოტო როდესაც გაელვების შემდეგ მაშინ როცა საკეტი ჯერ კიდევ ღია იყო კამერა შეგნებულად გავანძრიე.

სასწაული სამზარეულოში

ჰოი საოცრებავ! ჩემს სამზარეულოში სასწაული მოხდა… ან უბრალოდ ბუნებრივი შედეგი მივიღე არსებული განათების და ციფრული ფოტოაპარატის კონფიგურაციის პირობებში საკეტის გაღებისას კამერის გამოძრავების შედეგად.
(მსგავსი ექსპერიმენტის შესახებ ამ გვერდზე შეიტყობთ დაწვრილებით: http://www.theskepticsguide.org/media/video.aspx )

თქვენ არ ვიცი და მე მეორე ახსნა უფრო რაციონალური და ლოგიკური მიმაჩნია. შესაბამისად ვთვლი, რომ ეს უკანასკნელი უფრო ახლოს დგას სიმართლესთან. საწინააღმდეგოს მტკიცება დიდი გულუბრყვილობაა ან აშკარა საბუთის შეგნებული უგულვებელყოფა.

კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ექსტრაორდინალურ მტკიცებას ექსტრაორდინალური დამამტკიცებელი საბუთი სჭირდება. თუ პასუხი იმ თავითვე არ გვაქვს ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირველივე ახსნა ჭეშმარიტებად უნდა მივიღოთ. სჯობს ყველანაირი განცხადება კრიტიკულად გავაანალიზოთ და უპირველეს ყოვლისა დედამიწაზე ვეძებოთ რაციონალური ახსნა, რომელიც როგორც წესი ყველანაირ ფენომენს გააჩნია. მით უმეტეს რომ უკვე არაერთი ასეთი ”სენსაციური” ფოტო თუ ვიდეო გამოვლინდა როგორც შეგნებული გაყალბება, დანარჩენებს კი სრულიად რაციონალური ახსნა მოეძებნა.

სკეპტიციზმი

სკეპტიციზმ-ი [< ბერძ. skepsis განხილვა] –

1. იდეალისტური ფილოსოფიური მიმართულება, რომელიც უარყოფს ობიექტური სინამდვილის შემეცნების შესაძლებლობას.
2. კრიტიკული, უნდობლური დამოკიდებულება, დაეჭვება რისამე სისწორეში ან შესაძლებლობაში.

წყარო: უცხო სიტყვათა ლექსიკონი

ბლოგის მიზანია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ნებისმიერი მოსაზრება, დოგმა, სწავლება, განცხადება თუ თეორია, რომელიც ობიექტურ და უტყუარ ჭეშმარიტებად არის მიჩნეული ადამიანების გარკვეული ჯგუფების მიერ და რომლებიც შეიძლება ჩვენი საზოგადოების და მისი თითოეული წევრის ცხოვრებაზე როგორც წასრულშიც, ასევე აწმყოში ახდენდნენ ზეგავლენას მიუხედავად ამ მოსაზრებების ჭეშმარიტობის დამადასტურებელი ობიექტური საბუთის არ არსებობისა.

ზოგჯერ ასეთი სწავლებები ემყარება ავტორიტეტების მოსაზრებებს და მათი ჭეშმარიტობის დამადასტურებელ საბუთად თავად მოსაზრების ავტორები ითვლებიან. ზოგჯერ შეგნებულად ხდება ობიექტური რეალობის გამრუდება ადამიანების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ზოგჯერ კი შემთხვევითობების ჯაჭვის შედეგად ვიღებთ ერთი შეხედვით ამოუხსნელ გამოცანას და ზოგი ჩვენგანი ამ დროს ნაჩქარევად ცდილობს უხილავი სამყარო, სულები, ღმერთი თუ სხვა ახსნა მოიშველიოს როცა კრიტიკული ანალიზის შედეგად როგორც წესი შესაძლებელია ხოლმე რაციონალური ახსნის პოვნა.

ამგვარად ავტორიტეტებს, მათ მოსაზრებებს და სტერეოტიპულ შეხედულებებს, როგორც ამა თუ იმ მოსაზრების გამამყარებელ არგუმენტს და საბუთს ვეცდები დავუპირისპირო არა სხვა ავტორიტეტებს და მათი პირადი მოსაზრებები, არამედ ლოგიკით და მეცნიერული კვლევებით გამყარებული რაციონალური არგუმენტები.

ბლოგი რომ მოსაწყენი არ გახდეს ასევე ვეცდები ის პერიოდულად გავამდიდრო მეცნიერებასთან, ფსევდო-მეცნიერებასთან, რელიგიასთან, სხვა და სხვა საკამათო რწმენებთან თუ ფენომენებთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტებით და მათი ამსახველი ვიდეო თუ ფოტო მასალით და იუმორით. მიდგომა, ყველაზე ფართოდ მიღებული და ჭეშმარიტებად აღიარებული მტკიცებების მიმართაც კი იქნება სკეპტიკური. ყველანაირი ექსტრაორდინალური განცხადება, რომელსაც თან არ ახლავს ასევე ექსტრაორდინალური საბუთი დადგება ეჭვქვეშ და დაექვემდებარება კრიტიკულ განხილვას.

ალბათ უადგილო არ იქნება თუკი ამთავითვე განვაცხადებ, რომ ჩემი მიზანი არაა ვინმეს რელიგიური თუ პროფესიული გრძნობების შეურაცხყოფა. თუკი თავს შეურაცხყოფილად გრძნობთ იმ ფაქტით, რომ ვინმე თქვენს შეხედულებებს ეჭვქვეშ აყენებთ ალბათ უმჯობესი იქნება თუ კი ბლოგს დატოვებთ.


სკეპტიკოსი